English / ქართული / русский /
ლიანა ქართველიშვილილაშა ქურდაშვილიმარიამ ხეცურიანიბონდო ფანჩვიძე
გარემოს პირობების გათვალისწინება ტურისტულ ინდუსტრიაში

ანოტაცია. საქართველოს ტურიზმის სექტორს უდიდესი პოტენციალი აქვს.ბოლო პერიოდში,განსაკუთრებით აქტუალური ხდება რეგიონული ტურიზმის ინდუსტრიის განვითარება.რეგიონული ტურიზმის განვითარებისათვის საჭიროა განისაზღვროს ქვეყნის მარკეტინგული სტრატეგია,რომლის მეშვეობითაც ვლინდება ამა თუ იმ სფეროს საბაზრო შესაძლებლობები.

ტურიზმის ეკონომიკური ზემოქმედება, მისი გავლენა სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით, ტურიზმის მდგომარეობის და განვითარების პერსპექტივების კვლევების გაღრმავების აუცილებლობას განაპირობებს, რომელიც საშუალებას იძლევა კომპლექსურად გადაწყდეს ადგილობრივი მოსახლეობის გადარჩენის, ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები. მდგრადი ტურიზმი ხელს უწყობს ისეთი წინააღმდეგობების აღმოფხვრას, როგორიცაა ბუნებრივი გარემოპირობების დაცვისა და ადგილობრივი მოსახლეობის მეურნეობის განვითარების უზრუნველყოფის მიზნების შეუთანხმებლობა.

 ტურიზმის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს კლიმატი,რომელიც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობისა და დასვენების თვალსაზრისით.ტურისტული რესურსების ანალოგიურად,კლიმატიც განიცდის ცვლილებას.აქედან გამომდინარე,უცნობია, თუ რამდენად იქნება ხელსაყრელი ტურიზმის ინდუსტრიისათვის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგები.მაშასადამე,კლიმატი ადამიანების კონტროლს არ დაექვემდებარება,ამიტომ ტურიზმის ინდუსტრია თავად უნდა მოერგოს დედამიწაზე მიმდინარე პროცესების შედეგად წარმოქმნილ ჰავის თავისებურებებს. 

*** 

ტურიზმი მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მაღალშემოსავლიანი სექტორია. ტურიზმის ინდუსტრია ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნასა და შემოსავლების ზრდას, ეკონომიკის დივერსიფიკაციას, გარემოს დაცვას, ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა პოპულარიზაციას და კულტურათა დაახლოებას. შესაბამისად, ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ–ერთი პრიორიტეტული დარგია.

გარე სამყაროს გავლენა ყველგან ერთნაირი არაა, ამიტომ გარემო პირობების ტურიზმზე ზემოქმედების განხილვისას, მნიშვნელოვანია გამოვავლინოთ გარემოს ზემოქმედების ყველაზე არსებითი ფაქტორი და გამოვიმუშაოთ მათზე ზემოქმედების ეფექტიანი ხერხები. ეკონომიკა და ტურიზმი მჭიდროდ ურთიერთზემოქმედენენ ერთმანეთზე. ამასთან, ტურიზმი ურთიერთკავშირშია ისეთ საზოგადოებრივ სისტემებთან, როგორიცაა ეკონომოკა, ეკოლოგია, სოციალური გარემო, პოლიტიკა, ტექნოლოგია და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე ტურიზმის სფეროში ძალზედ მაღალი კონკურენციაა,  საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივა საკმაოდ ოპტიმისტურია. ტურისტული ბაზრისა და მასთან დაკავშირებული დარგების ფუნქციონირებას მკვეთრად გამოხატული სეზონური ხასიათი აქვს, რომელზედაც მოქმედებს მრავალი ფაქტორი. ტურისტული ბაზრის ფუნქციონირების პირველადი ფაქტორებია ბუნებრივ-კლიმატური, ხოლო მეორადი ფაქტორებია ეკონომიკური, დემოგრაფიული, ფსიქოლოგიური, ტექნოლოგიური და სხვა.

მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (მმო) ჩაატარა მთელი რიგი ღონისძიებები ტურიზმის   მხარდასაჭერად. იგი უზრუნველყოფს მსოფლიო ტურისტულ ორგანიზაციაში (მტო) შემავალ ქვეყნებს ადრეული გაფრთხილებებით ბუნებრივი კატასტროფების, მყინვარების უკან დახევის, წყლის რესურსების და კლიმატის ცვლილების შესახებ. მტო მჭიდროდ თანამშრომლობს მმო–სთან. კლიმატისა და ექსტრემალური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების პროგნოზები, რასაც იძლევა ეროვნული ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ პირობებში, ვინაიდან კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე თავი იჩინა რეგიონულმა კლიმატურმა ვარიაციებმა.

ამდენად შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმის ბიზნესში, ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების შეფასებისას, როგორც  ეკოლოგიური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, გარემოს და კლიმატის ზემოქმედების  სრულფასოვანი შესწავლა  ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.

საკურორტო-ტურისტული ინდუსტრიის განვითარება უშუალოდაა დამოკიდებული მოცემული რეგიონის გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ტოპოგრაფიაზე, მცენარეულ საფარზე, ამინდსა და კლიმატზე.   ამინდი და კლიმატი არის ის ორი ძირითადი ფაქტორი, რომელიც ადგილის ბიოკლიმატურ რესურსებს განსაზღვრავს. ამიტომ ამ რესურსების გამოკვლევას, რომელიც აუცილებელია საკურორტო-ტურისტული დარგის ორგანიზაციისა და განვითარებისათვის, ბევრ ქვეყანაში დიდი ყურადღება  ეთმობა.

კლიმატი ახდენს ტურიზმზე, როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ გავლენას. ტურიზმის სექტორში კლიმატი ძირითადია ტურისტებისათვის. არახელსაყრელ კლიმატურ პირობებს და მათ ცვლილებას შეუძლია გავლენა იქონიოს ტურისტულ ნაკადზე ან ტურისტული საქმიანობის სეზონურ მონაცვლეობაზე. ტურიზმის სეზონურობა და ცვლილებები სამომხმარებლო სექტორში, რაც განპირობებულია კლიმატური ვარიაციებით, ზეგავლენას ახდენს ტურიზმის მონათესავე სექტორებზეც. ტურიზმის სფეროში სეზონურობის შესწავლა საშუალებას იძლევა განისაზღვროს ბუნებრივ-კლიმატური პირობების გავლენის ხარისხი ტურისტული პროდუქტის ფორმირებაზე, გამოვლინდეს ის ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს სეზონურობას ტურიზმში, შემუშავდეს ღონისძიებების სისტემა სეზონურობის არათანაბრობის შესამცირებლად.

ტურიზმის ობიექტი შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან: ტურისტული დაწესებულება, ტურისტული მომსახურების ორგანიზაცია და ტურისტული რეგიონი. მოგზაურობისას ტურისტს აქვს უფლება ისარგებლოს მომსახურეობის კომპლექსით, რომელიც მას მიეწოდება კონკრეტულ ადგილას ან რეგიონში. თავის მხრივ, მიმზიდველი პირობების გამო, ეს ადგილები ტურიზმის ცენტრს წარმოადგენს.

ტურისტი  მოგზაურობისას ირჩევს ტურისტულ მარშრუტს, რომლის დროსაც ერთმანეთს ადარებს, როგორც ტურისტული ადგილის ბუნებრივ პირობებს, ისე მომსახურეობის დონეს. პროდუქტი, რომელსაც უკვეთავს ან ყიდულობს ტურისტი, შედგება მომსახურებისაგან, რომელსაც სთავაზობენ ტურისტს კონკრეტულ ტურისტულ რეგიონში. ტურისტულ რეგიონს უნდა გააჩნდეს ტურისტული ცენტრი, სადაც შექმნილი იქნება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ტურისტების განთავსებისა და დასვენების მიზნით.

ტურისტულ ინდუსტრიაში მიღებულია ტურისტული რეგიონის განსაზღვრის რამდენიმე საკითხი, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული შემდეგი საკითხების განსაზღვრასთან: როგორ შეიძლება განისაზღვროს ტერიტორია, რომელსაც ტურისტი ირჩევს სამოგზაუროდ, რომელიც აირჩევა სხვადასხვა საბაზრო სექტორების მიერ.

მსოფლიოს ტურისტული ორგანიზაციის (მტო-ს) მიერ განისაზღვრება ტურისტული რეგიონი, რომელსაც გააჩნია მომსახურეობის ფართო ქსელი. თავის მხრივ, ტურისტული რეგიონისათვის მომსახურეობის ქსელი საჭიროა დასვენებისა და გაჯანსაღების ორგანიზაციისათვის. აქედან გამომდინარე, ტურისტული რეგიონი არის ადგილი, რომელსაც გააჩნია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ამავდროულად შეიძლია ტურისტების მომსახურება.

ამრიგად, ტურისტული რეგიონი არის მოგზაურობის მიზანი და ტურისტული პროდუქტი. გარდა ამისა, აუცილებელია გავითვალისწინოთ ამ განმარტების გამომდინარეობა მომხმარებლის ინტერესებიდან. ამასთან ერთად, გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს გეოგრაფიული ტერიტორია, რომელმაც სარგებლობა უნდა მოუტანოს ტურისტს. უმეტეს შემთხვევაში ასეთი ტერიტორიების შერჩევა არღვევს პოლიტიკურ საზღვრებს.

ტურისტული რეგიონის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს დამსვენებლის ინტერესები, რომლის დროსაც გამოიყოფა ოთხი ძირითადი პარამეტრი: ადგილი, ლანდშაფტი, საცხოვრებელი და ექსკურსიები.

რეგიონული ტურიზმი შედგება ორი ძირითადი ასპექტისაგან: გეოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური. გეოგრაფიული ასპექტი ასახავს რეკრეაციული რესურსების ტერიტორიულ განაწილებას, მოცემულ ტერიტორიაზე ტურისტების მიზიდვის საშუალებას, ხოლო სოციალურ-ეკონომიკური ასპექტი აჩვენებს ტერიტორიის რეკრეაციული რესურსების ათვისებას, რომელიც განაპირობებს მოცემული რეგიონის ადგილს ტურისტულ ბაზარზე. პირველი მიდგომა წარმოადგენს ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებს, ხოლო მეორე წარმოადგენს მოცემული რეგიონის ტურისტული საქმიანობის შედეგს. აქედან გამომდინარე, ტურისტული რეგიონი ფასდება, როგორც დასვენების ორგანიზატორების, ასევე ადგილობრივი ან ჩამოსული დამსვენებლის მიერ.

რეგიონის, როგორც ცალკეული ერთეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება დიდი ხნის მანძილზე. რეგიონის კონკურენტუნარიანობაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა დარგების და მათი ბაზრების, აგრეთვე მოსახლეობისა და გარე სამყაროს ურთიერთმოქმედება.

ტურისტული პროექტების განხორციელებას ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც კეთილგანწყობილია ტურიზმის მიმართ. რეგიონული ტურიზმი წარმოადგენს მეურნეობის განვითარების წინაპირობას, რომელიც შემდეგი ძირითადი მიმართულების მიხედვით ხასიათდება:

1)ტურისტული მარშრუტები და მისი სტრუქტურა;

 2)ტურიზმის თავისებურებანი კონკრეტულ რეგიონში ;

3)ტურიზმის სახეები და ფორმები;

4)ტურისტული პოლიტიკის სპეციფიკა და ტურისტული ორგანიზაციების დამოკიდებულება;

5)ტურიზმის ეკონომიკური როლი რეგიონის სამეურნეო სტრუქტურაში’

6)მოცემულ რეგიონში ტურიზმის განვითარების პერსპექტივები.

საქართველოს ეკონომიკის პერსპექტიულ მიმართულებას ტურიზმი და სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. მსოფლიოს ეკონომიკის განვითარებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ტურიზმს, როგორც მომსახურეობის სფეროს.

საქართველოში ტურიზმის განვითარების დადებით მხარეებს წარმოადგენს ეკონომიკის ზრდა, უმუშევრობის დონის შემცირება, ისტორიულ-კულტურული პოპულარიზაცია. ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმს, ხოლო ტურიზმის განვითარების წინაპირობას ტურისტული რესურსების პოტენციალი წარმოადგენს.

საქართველოს მიმართ ინტერესი უძველესი დროიდან არსებობდა, ვინაიდან რესურსული პოტენციალის მნიშვნელობის მხრივ იგი ერთ-ერთ გამორჩეულ ქვეყანას წარმოადგენს. მას საკურორტო საქმიანობით დიდი პოტენციალი გააჩნია თავისი გეოგრაფიული, კლიმატური, რეკრეაციული შესაძლებლობებისა და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გამო.

ტურიზმის განვითარებისათვის დიდ როლს ასრულებს რაიონის გეოგრაფიული მდებარეობა. უნდა აღინიშნოს ზღვასთან, მთისა და ტყის მასივებთან სიახლოვე და სანაპირო ზოლის თავისებურებები. რეგიონში ტურისული რესურსების არსებობა წარმოდგენს მნიშვნელოვან წინაპირობას ტურისტული ინდუსტრიის განვითარებისათვის, ხოლო რეგიონული ტურიზმის განვითარებაზე გავლენას ახდენს ეკონომიკური და სოციალური ფაქტორი.

ტურისტული რესურსები სამი მახასიათებლით ხასიათდება:

1. ტურიზმის სექტორისათვის ტურისტული რესურსები განიხილება ეკონომიკური ღირებულების მქონე მატერიალურ ობიექტებად;

2. ტურისტული რესურსებით, გარდა ტურისტებისა, სარგებლობს სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა და მოსახლეობა, რომელის ადგილობრივ რესურსებს იყენებს;

3. ტურისტული რესურსები არამდგრადი ხასიათისაა. შესაბამისად, ტურისტული ზეწოლის გამო მათი ცვლილება და ნგრევა გარდაუვალია.

რეგიონული ტურიზმის განვითარება დამოკიდებულია ტერიტორიის სიდიდეზე, ბუნებრივ პირობებზე და სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორზე. რეგიონული ტურიზმის განვითარებით კი მთლიანად ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ხარისხი იზრდება.

რეგიონული ტურიზმი წარმოადგენს რთულ ორგანიზებულ სისტემას თავისი სტრუქტურითა და შინაარსით, რომელიც შემდეგი ელემენტებისაგან ფორმირდება: რეკრეაციული რესურსები, ტურისტული ინფრასტრუქტურა, ეკოლოგიური და პირადი უსაფრთხოება და ა.შ. ამ ელემენტების ერთობლიობა ტურისტული მოთხოვნების დაკმაყოფილებას ემსახურება.

ტურისტული რესურსების მართვის სტრატეგიის შემუშავება რეგიონული ტურიზმის განვითარების აქტუალური პრობლემაა, რომლის გადაჭრის გზას წარმოადგენს ტერმინოლოგიური აპარატის არსებობა, რომელიც ასახავს ტურისტული რესურსების არსსა და ხასიათს.

ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს წარმოადგენს კლიმატური რესურსები. 2008 წელს მმო-ს და მტო-ს მიერ პირველად იქნა მიღებული რეზოლუცია იმის შესახებ, რომ ამ ორგანიზაციებში შემავალ ქვეყნებში აუცილებელია შეფასდეს სხვადასხვა ტურისტული რეგიონების ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების პოტენციალი და დამუშავდეს შესაბამისი რეკომენდაციები. საქართველო, როგორც ორივე ორგანიზაციის წევრი, აუცილებლად მიიჩნევს, რომ  ხელახლა უნდა შეფასდეს ქვეყნის ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების პოტენციალი. საქართველოს მრავალფეროვანი კლიმატური პირობები ქმნის ტურიზმის განვითარების უზარმაზარ პოტენციალს. თუმცა, საქართველოში კლიმატური პოტენციალის განსაზღვრა ტურიზმის სტანდარტების შესაბამისად, ისევე,  როგორც ეს არის  მიღებული განვითარებულ ქვეყნებში, ჯერ-ჯერობით ვერ განხორციელდა. ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს საქართველოში პოტენციური ტურისტების მოზიდვაზე.

ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების შესაფასებლად გამოიყენებოდა კლიმატური ინდექსები. არსებობს 200-ზე მეტი კლიმატური ინდექსი. ტურიზმის კლიმატური ინდექსი იყოფა სამ კატეგორიად. ელემენტარული კლიმატური ინდექსები წარმოადგენს რამდენიმე მეტეოროლოგიური პარამეტრის მნიშვნელობათა სინთეზს, მაგრამ იგი არ შეიცავს ბიმეტეოროლოგიურ ინფორმაციას და ამდენად, ნაკლებად მისაღებია ტურისტულ ინდუსტრიაში რეკრეაციული რესურსების შესაფასებლად.

ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების შესაფასებლად პირველად საქართველოს პირობებში გამოყენებული იქნა ტურიზმის კლიმატური ინდექსი (Tourism Climatic Index – TCI), რომელიც განისაზღვრება სხვადასხვა მეტეოროლოგიური ელემენტების (ჰაერის ტემპერატურა, ატმოსფერული ნალექების რაოდენობა, ფარდობითი სინოტივე, მზის ნათების საშუალო ხანგრძლივობა) შეხამების საფუძველზე. ტურისტული ინდუსტრიის განვითარების მიზნით აუცილებელია ტურისტული რესურსების პოტენციალის დადგენა სეზონების და თვეების მიხედვით. TCI–ის საშუალებით კი მხოლოდ წლიური მნიშვნელობები გამოითვლება. ამავე დროს ამ ინდექსში კომპლექსურად არ არის ჩართული თერმოფიზიოლოგიური კომპონენტი, რომელიც აუცილებელია ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების შესაფასებლად. ტურისტული ინდუსტრიის განვითარების მიზნით აუცილებელია ტურისტული რესურსების პოტენციალის დადგენა სეზონების და თვეების მიხედვით. ამავე დროს ამ ინდექსში კომპლექსურად არ არის ჩართული თერმოფიზიოლოგიური კომპონენტი, რომელიც აუცილებელია ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების შესაფასებლად. ამიტომ ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების პოტენციალის შესაფასებლად, გამოყენებულ იქნა ტურიზმის კლიმატური ინდექსი TCI, რომელიც მიღებულია მმო-ს მიერ. ინდექსი შეიცავს შვიდი პარამეტრის კომბინაციას, სამი არის დამოუკიდებელი, ხოლო ორი კი წარმოადგენს ბიოკლიმატურ კომბინაციას. 

TCI = 8·Cld + 2·Cla + 4·R + 4·S + 2·W 

საკვლევი პარამეტრების შედარება მოხდა ორი 30–წლიანი პერიოდისთვის, I (1956–1985 წლები) და II (1986–2015 წლები) სტიუდენტის კრიტერიუმის მიხედვით, როდესაც α ≤ 0.15. განსაზღვრულია TCI ინდექსის და მისი შემადგენელი პარამეტრების ცვლილებათა კანონზომიერებანი საქართველოს 12 ტურისტული დანიშნულების ადგილისთვის რეგიონების მიხედვით. მონაცემთა ანალიზისას გამოყენებული იქნა მათემატიკური სტატისტიკის მეთოდები. TCI ინდექსის  თვიური მნიშვნელობები 1956-2015 წლებში მესტიაში იცვლება 34-დან (კატეგორია „არახელსაყრელი“, იანვარი) 95-მდე (კატეგორია „იდეალური“, სექტემბერი-ოქტომბერი). TCI-ის საშუალო თვიური მნიშვნელობები დაკვირვების მთელ პერიოდში შეიცვალა 56.2-დან (კატეგორია „სასიამოვნო“, იანვარი) 83.5-მდე ( კატეგორია „შესანიშნავი“, აგვისტო). 

ნახაზი I -TCI ინდექსის საშუალო თვიური მნიშვნელობები

დაკვირვების სამ პერიოდში, მესტიაში 

მესტიაში TCI ინდექსის საშუალო თვიური მნიშვნელობების ტრენდს დაკვირვებათა მთელი პერიოდისათვის ზოგადად აქვს უარყოფითი ტენდენცია. TCI-ის მნიშვნელობების ნიშვნადი წრფივი უარყოფითი ტრენდი დაიკვირვება იანვარში, ივლისში, აგვისტოში, დეკემბერში, წლის ცივ და თბილ პერიოდში და აგრეთვე მთელი წლის მანძილზე. საშუალო თვიური და სეზონური მნიშვნელობების შესამჩნევი შემცირება  მეორე პერიოდში პირველთან შედარებით აღინიშნა იანვარში, ივლისსა და აგვისტოში, ცივ და თბილ პერიოდსა და მთლიანად წლის მანძილზე.

1956–2015 წლებში, TCI ინდექსის მნიშვნელობის უდიდესი განმეორებადობა აღინიშნა კატეგორიით „შესანიშნავი“ (29.3%), უმცირესი კი კატეგორიით „არახელსაყრელი“ (0.1%). მესტიაში ხელსაყრელი ბიოკლიმატური პირობებია დაკვირვების სამივე პერიოდში. მეორე პერიოდში (1986–2015 წლები) პირველთან (1956–1985 წლები) შედარებით მესტიაში კლიმატის ცვლილებამ განაპირობა ტურიზმის კლიმატური ინდექსის (TCI-ის) კატეგორიების ცვლილება. TCI-ის კატეგორია „სასიამოვნოს“ განმეორებადობა გაიზარდა 21.7%-დან 30.0%-მდე (შესაბამისად 79 დღიდან 110 დღემდე წელიწადში). კატეგორია „კარგი“ შემცირდა 29.3%-დან 19.7 %-მდე (108 და 72 დღე წელიწადში), კატეგორია „ძალიან კარგი“ გაიზარდა 13.9% -დან 19.2%-მდე (51 და  70 დღე წელიწადში). კატეგორია „შესანიშნავი“  შემცირდა  30.3 %-დან 28.3 %-მდე (111 და 103 დღე წელიწადში).

ტურისტულ ბიზნესზე კლიმატის მოსალოდნელი ცვლილების დადგენის მიზნით, განსაზღვრულ იქნა  TCI ინდექსის საშუალო თვიური, საშუალო წლიური და საშუალო სეზონური მნიშვნელობები სამი ოცდაათ წლიანი

პერიოდისთვის: საბაზისო პერიოდი (1986-2015 წლები), პირველი საპროგნოზო პერიოდი (2041-2070 წლები) და მეორე საპროგნოზო პერიოდი (2071-2100 წლები).

კლიმატის ცვლილების შედეგად მესტიაში მოსალოდნელია TCI კატეგორიების უმნიშვნელო ცვლილება. პირველ საპროგონოზო პერიოდში საბაზისო  პერიოდთან შედარებით მარტში, მაისსა და ოქტომბერში, ასევე თბილ პერიოდში და მთლიანად წელიწადში კატეგორიის გაუმჯობესებაა ერთი საფეხურით  (მწვანე უჯრები). ერთი საფეხურით გაუარესებაა ივლისსა და აგვისტოში (იასამნისფერი უჯრები). მეორე საპროგნოზო პერიოდში, კატეგორიის ერთი საფეხურით გაუმჯობესებაა მარტში, მაისსა და ოქტომბერში, ასევე მთლიანად წელიწადში, ერთი საფეხურით გაუარესება კი ივნის–აგვისტოში. კლიმატის მოსალოდნელი ცვლილება ვერ მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას მესტიის ტურისტულ პოტენციალზე. 

ნახაზი II -TCI -ის საშუალოთვიური, საშუალოწლიური და სეზონური მნიშვნელობები

მესტიაში (1986-2015, 2041-2070 და 2071-2100 წლები)

                          

 დადგინდა, რომ   საქართველოში კლიმატის  მოსალოდნელი ცვლილება  ვერ მოახდენს  მნიშვნელოვან გავლენას მისი ტურიზმის ბიოკლიმატურ რესურსებზე (TCI–ზე). შესაძლებელია მხოლოდ გამოიწვიოს TCI–ის კატეგორიის ცვლილება ერთი საფეხურით ზრდის ან შემცირების მიმართულებით. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ბიოკლიმატური პირობები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და  მომავალშიც არ უნდა ველოდოთ მათ არსებით ცვლილებას. 

გამოყენებული ლიტერატურა 

1. ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების  შეფასება კლიმატის ცვლილების ფონზე, ლ. ქ ართველიშვილი, ა. ამირანაშვილი, ლ. მეგრელიძე, ლ. ქურდაშვილი, Tbilisi – 2019

2. Amiranashvili A., Amiranashvili V., Kartvelishvili L., Nodia Kh., Khurodze T. Influence of Air Effective Temperature and Geomagnetic Storms on the Population of Tbilisi City. Trans. of the Institute of Hydrometeorology, vol. 115, ISSN 1512-0902, Tbilisi, 18 – 19 November, 2008a, pp. 434–437, (in Russian)

3. Amiranashvili A., Chargazia Kh., Matzarakis A., Kartvelishvili L. Tourism Climate Index in the Coastal and Mountain Locality of Adjara, Georgia. International Scientific Conference “Sustainable Mountain Regions: Make Them Work”. Proceedings, Borovets, Bulgaria, ISBN 978-954-411-220-2, 14-16 May, 2015c, pp. 238-244, http://geography.bg/MountainRegions Sofia2015